ჩეჩნეთის პარლამენტმა ერთხმად მიიღო კანონი, რომლის მიხედვითაც ლიდერს, რამზან კადიროვს "მეხკ-და", ანუ ხალხის მამა ეწოდა.
ინფორმაციას ჩეჩნეთის სახელმწიფო გამოცემა გროზნი ავრცელებს.
მედიაში გავრცელებული ცნობების მიხედვით, ჩეჩნურად მეხკ-და სიტყვა-სიტყვით ქვეყნის მამას ნიშნავს, თუმცა ასევე გამოიყენება ხალხის მამის მნიშვნელობითაც.
“კანონი აკონკრეტებს ჩეჩნურ ენაში ჩეჩნეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელის პოზიციას - “მეხკ-და”. ამ ცვლილების მიზანი ჩეჩნურ ენაში, რომელიც სახელმწიფო ენაა ჩეჩნეთის რესპუბლიკაში, რეგიონის ლიდერის ტიტულის ერთგვაროვანი გამოყენების დაფუძნებაა” - წერია განცხადებაში.
ჩეჩნეთის პარლამენტის სპიკერის მაგომედ დაუდოვის თქმით, ეს წოდება ჩეჩნეთში ისტორიულად არსებობდა და რუსულად ითარგმნება როგორც რესპუბლიკის უმაღლესი ოფიციალური პირი. “არსებობს სხვა ტიტულებიც, მაგრამ მეხკ-და უფრო ზუსტად ასახავს იმ ლიდერის მნიშვნელობას, რომელიც საკუთარ ხალხზეა პასუხისმგებელი” - განაცხადა დაუდოვმა.